Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ვინ ვართ ჩვენ

ბავშვობიდანვე ტრადიციულ მეღვინეობას და მევენახეობას ვეზიარეთ. მადლობა ბაბუა-ბებიებს, პაპებსა და პაპიდებს, რომლებმაც სასკოლო არდადეგების არაერთი დღე დაგვახარჯინეს ვენახსა თუ ჭურის თავებზე,  საწნახელებსა თუ ქვევრების წმენდაში, მარანში გაჯერებული ძველი ისტორიებით და თქმულებებით, თათარითა და ფელამუშით.

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი, კახელები ახმეტიდან, იმერეთში გაზრდილი ქართლელები და ნამდვილი იმერლები, ვენახისა და ტრადიციული მეღვინეობის ბავშვობიდანვე ჩანერგილმა სიყვარულმა გაგვაერთიანა და ბოლოს ერთ დიდ ოჯახად გვაქცია.კოღუაშვილ-იმედაშვილების და გარსევანიშვილ- აფრიდონიძეების ერთი დიდი ოჯახი 14 სულს ითვლის, ბაბუა ბებიების ჩაუთვლელად. ამ დიდი ოჯახის ყოველი წევრი თანაბრადაა ჩართული „ჩვენი ოჯახის ღვინის“ წარმოებაში.

„ახმეტის ღვინის სახლი“ დაარსდა 2014 წელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაცული იყოს ვენახის, ყურძნისა და ღვინის ეკოსისტემა, ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი ბიოლოგიური ციკლი და ბიოლოგიური პროცესები, სწორედ ამიტომ ჩვენს საოჯახო მარანში, ჩვენსავე ვენახებიდან მოწეული ყურძნიდან ვაწარმოებთ ნატურალურ/ორგანულ ქვევრის ღვინოს. დღესდღეისობით „კავკასსერტის“ ბენეფიციარები ვართ, ის საქართველოში ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგილობრივი ორგანოა და აკრედიტირებულია DAkkS-ის მიერ ISO-17065-ის მიხედვით. მათი სერთიფიკატი აღიარებულია საქართველოს, ევროკავშირისა და შვეიცარიის მიერ. 2019 წლიდან „ახმეტის ღვინის სახლი“  ოფიციალურად ბიოსეტიფიცირებულ ღვინოს შესთავაზებს მომხმარებლებს.

 

„ახმეტის ღვინის სახლი“ სამი სახეობის ნატურალ/ორგანულ ღვინოს თავაზობს თავის მომხმარებელს: „რქაწითელს“, „კახურ მწვანესა“ და „საფერავს“. ღვინო დამზადებულია  რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისგან, მოწეული კახეთში, ახმეტაში გაშენებული ვენახებიდან.  დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით.

ღვინო გაუფილტრავია.წარმოების სპეციფიკური ქართული ქვევრის ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ „დეკანტერი“-ს კონსულტანტ-რედაქტორი, WSET-ის საპატიო პრეზიდენტი  სტივენ სპურიე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის მოწვევით,  6-9 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობდა.

ბატონი სტივენი ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის ჟიურის თანათავმჯდომარე იყო და 19 ნომინაციაში საუკეთესო ქართული ღვინოების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა.

 

„ ახმეტის ღვინის სახლმა “ 2017წელს ქართული ღვინის მე-4 ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსის საერთაშორისო ჟიურის თავჯდომარეობდა ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ „დეკანტერი“-ს კონსულტანტ-რედაქტორი, WSET-ის საპატიო პრეზიდენტი  სტივენ სპურიე( Steven Spurrier). „ ახმეტის ღვინის სახლის“ „საფერავი“ საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი წითელი ღვინის,  ხოლო  „კახური მწვანე “ საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი ქარვისფერი ღვინის რეიტინგის საუკეთესო ათეულში განთავსდა.